2019 წლის 12-14 ივნისს აჭარის კურორტ გოდერძიზე გაიმართა აჭარის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და კომისიის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა Legal Consulting Centre-ის დირექტორი, დავით ჭყონია, რომელიც ასევე არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და კომისიის წევრი ბიზნეს სექტორის მხრიდან. სხდომაზე განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივის წესი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის განსაზღვრას. სხდომაზე ასევე განიხილეს და მიიღეს ინიციატივა, რომელიც ეხება კერძო სექტორში დასაქმებულთა შვებულების დღეთა რაოდენობის გამოთვლის საკითხის თაობაზე შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავებას. განხილულ და მიღებულ იქნა შრომის სექტორში არსებული პრობლემური საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი.
აჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დებულების შესაბამისად წარმოდგენილია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების სახით.
კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. საქართველოში 2013 წელს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია მოქმედებს. მისი მიზანი და ამოცანაა სოციალური პარტნიორობის განვითარება, ასევე, შრომით ურთიერთობებში, რიგ სადავო საკითხებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.